პარლამენტში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
2024-03-01 16:29:49
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული ახალი კანონით ჩვენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტებით იქნება დარეგულირებული.
„შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს მეშვეობით, საქართველო გახლავთ სახელმწიფო, რომელიც ევროპული სტანდარტებით არეგულირებს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამავდროულად, არცთუ უმნიშვნელო და პატარა წვლილია ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ისე თავის შინაარსით იმიტომ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა დამსწრე აუდიტორიას კანონის ძირითადი სიახლეები და იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული აქტივობები წარუდგინა, ასევე იმ რეკომენდაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სამსახურმა შეიმუშავა.
,,დღეს, როდესაც ჩვენ მინიჭებული გვაქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ვიმყოფებით ევროინტეგრაციის პროცესში, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების განმტკიცების, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისათვის.’’- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის (EDPS) გენერალურმა მდივანმა ლეონარდო სერვერა ნავასმა.
,,საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო მონაცემთა დაცვის საერთაშორისო არენაზე ძალიან აქტიური წევრია და ამის მაგალითია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების შეხვედრის წარმატებული მასპინძლობა თბილისში. ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველმა იხილა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონდომება და გაწეული სამუშაოს ხარისხი, რომელსაც ამავდროულად ადასტურებს პროფესორ ლელა ჯანაშვილისა და სამსახურის მონაწილეობა ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს შეხვედრებში - დამკვირვებლის სტატუსით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც ახლახან შევიდა ძალაში ძალიან კარგი სიახლეა საქართველოსა და ევროკავშირისთვის, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩვენს ჩარჩოებს აახლოებს, არამედ იმიტომ რომ ეს ადასტურებს თქვენი ქვეყნის შესაძლებლობებს ახალი გამოწვევების გადასაჭრელად“- განაცხადა ლეონარდო სერვერა ნავასმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები. ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.