სამსახურის გადაწყვეტილება
2022-09-16 18:21:13
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, განცხადების საფუძველზე, ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის მიერ განმცხადებლის პერსონალური მონაცემების სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გამჟღავნების კანონიერება შეისწავლა.
განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა განმცხადებლის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით რაონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარემ (ერთ-ერთმა საადვოკატო ბიურომ) მისი მართვის ქვეშ არსებულ სოციალურ ქსელ „Facebook“-ის გვერდზე განათავსა საქმესთან დაკავშირებული დეტალები. ამასთან, მართალია განმცხადებლის სახელი და გვარი არ იყო სტატუსში მითითებული, თუმცა, მითითებული იყო მისი ინიციალები, ასევე საქმესთან დაკავშირებული ისეთი დეტალები (მათ შორის, პროცესში მონაწილე მხარეებს შორის არსებული ნათელმირონობის შესახებ ინფორმაცია, ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და სხვა), რომლებიც ერთობლიობაში იძლეოდა განმცხადებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
განცხადების განხილვის ფარგლებში, საადვოკატო ბიურომ განმარტა, რომ მისი მხრიდან მონაცემების გასაჯაროება მოხდა დეპერსონალიზებული გზით, რამდენადაც ფართო მასებისთვის შეუძლებელი იყო სტატუსში მითითებული ინფორმაციის კონკრეტულ ფიზიკურ პირთან დაკავშირება და განმცხადებლის იდენტიფიცირება. მისივე განმარტებით, აღნიშნული სტატუსით განმცხადებლის პერსონალური მონაცემები შეცნობადი იქნებოდა მხოლოდ პირთა ვიწრო წრისთვის (მოწმეებისა და საქმეში ჩართული მხარეების ოჯახის წევრებისთვის), რომლებიც ისედაც ინფორმირებულნი იყვნენ საქმის იმაზე მეტი დეტალით, ვიდრე ეს გამჟღავნდა სტატუსის მეშვეობით. ამდენად, კომპანიის მხრიდან, მათი აზრით, არ მომხდარა განმცხადებლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. კომპანიამ დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნული მონაცემების გასაჯაროვების მიზანი იყო გამართლებული პირის შელახული ღირსების აღდგენა და წარმოადგენდა მის მიმართ მიყენებული მძიმე მორალური ზიანის მარეაბილიტირებელ საშუალებას, რის თაობაზეც სამომავლოდ აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს სასარჩელო წარმოების გზით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ საადვოკატო ბიუროს სტატუსი აღწერდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან და, შესაბამისად, განმცხადებელთან დაკავშირებულ გარემოებებს, რაც ქმნიდა შესაძლებლობას, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მომხდარიყო მონაცემთა სუბიექტის პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირება. საადვოკატო ბიუროს მიერ გავრცელებული სტატუსის შინაარსი და სტატუსის კომენტარის სახით გაჟღერებული ინფორმაცია ფაქტობრივად გამორიცხავდა მონაცემების დეპერსონალიზაციას. შესაბამისად, ვერ იქნა გაზიარებული საადვოკატო ბიუროს პოზიცია, რომ მან არაიდენტიფიცირებადი ფორმით გაამჟღავნა განმცხადებლის მონაცემები, რადგან საადვოკატო ბიუროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის სიმრავლე და ის ფაქტი, რომ მის მიერ გასაჯაროებული ინიციალები ემთხვეოდა განმცხადებლის სახელსა და გვარს იძლეოდა განმცხადებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ამდენად, საადვოკატო ბიურომ დაამუშავა განმცხადებლის პერსონალური მონაცემები მის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნების გზით, გამჟღავნებული ინფორმაცია არაპროპორციულად დიდი ძალისხმევის და ხარჯების გარეშე იძლეოდა განმცხადებლის იდენტიფიცირების და მასზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას.
ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სოციალურ ქსელ „Facebook“-ის გვერდზე სტატუსის მეშვეობით განმცხადებლის მონაცემების გასაჯაროების პროცესში დარღვეული იყო კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი პრინციპები და საადვოკატო ბიურო სამართლდამრღვევად იქნა ცნობილი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.