სამსახურის გადაწყვეტილება
2022-09-16 18:12:29შესწავლისას გამოირკვა, რომ განმცხადებელმა მშობლის უფლების (მათ შორის, ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში მონაწილეობის) რეალიზების მიზნით არასასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვა თავისი 13 წლის შვილის შესახებ: მოსწავლის სარეგისტრაციო ფორმა, ხელშეკრულება, მოსწავლის განრიგი, სასწავლო კურსების და მასწავლებლების შესახებ ინფორმაცია, ასევე, მოსწავლის შესახებ დაწესებულების ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. საჯარო დაწესებულებამ ბავშვის და მისი ადვოკატის გამოკითხვით დაადგინა, რომ არასრულწლოვანი თავისი მონაცემების მშობლისთვის გადაცემის წინააღმდეგი იყო და არასრულწლოვნის აზრის, ასევე, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განმცხადებელს არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოვლინდა, რომ ბავშვის მშობლები განქორწინებული არიან და ბავშვი ცხოვრობს დედასთან. სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრულია მამის მიერ ბავშვის ნახვის დღეები და საათები, თუმცა აღნიშნულის გაუქმებაზე სასამართლოში თავად არასრულწლოვანი დავობს. ამასთან, სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტით მოწესრიგებულია დედის ვალდებულება არასრულწლოვნის სასკოლო აქტივობებზე ინფორმაციის მამისთვის მიწოდების შესახებ, თუმცა საჯარო დაწესებულებიდან განმცხადებლის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია არასასკოლო აქტივობებს შეეხებოდა. თავის მხრივ, ბავშვის განმარტებით დადასტურდა, რომ არასრულწლოვანმა ნამდვილად უარი განაცხადა მშობლისთვის თავისი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე.
საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მშობელი და ბავშვი ინდივიდუალურად წარმოადგენენ მონაცემთა სუბიექტებს, ამასთან, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია მშობელი, თუმცა არასრულწლოვნის მონაცემები მშობლის შესახებ მონაცემებად ვერ ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ განმცხადებელი, თავისი, როგორც მშობლის უფლების რეალიზების მიზნით ითხოვდა შვილის შესახებ მონაცემებს, თუმცა მშობლის და შვილის ურთიერთობის საკითხზე სასამართლოში ბავშვის ინიციატივით მიმდინარეობდა დავა. გარდა ამისა, ბავშვის შესახებ რიგი ინფორმაციის მშობლისთვის მიწოდების საკითხი დარეგულირებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული მორიგების აქტით. გადაწყვეტილებისას მიღებისას გათვალისწინებული იქნა მონაცემთა სუბიექტის (ბავშვის) ნებაც, რომელიც უარს აცხადებდა მშობლისთვის თავისი მონაცემების მიწოდებაზე.
შესწავლის შედეგად სამსახურმა განმარტა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ინტერესს, შესაბამისად, ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებას პერსონალური ინფორმაცია მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტს ან მისი ინტერესების ფარგლებში მოქმედ წარმომადგენელს. მოცემულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა, რომ ინფორმაციის მოთხოვნა ემსახურებოდა მონაცემების დამუშავების პროცესზე არასრულწლოვნის ინფორმირების მიზანს. განხილულ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებისადმი განმცხადებლის, როგორც ბავშის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვა არ იქნა გათანაბრებული თავად მონაცემთა სუბიექტის (ბავშვის) მიმართვასთან, რის გამოც არასრულწლოვნის ინფორმირების უფლების შეზღუდვა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმირების უფლების დარღვევა არ გამოიკვეთა.