პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება
2022-06-27 10:50:56შესწავლისას მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო დაწესებულების თანამშრომლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, კერძოდ, ერთ-ერთი კონკრეტული მომსახურების გაწევის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდა მოქალაქის რიგი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი და მის განცხადებაზე დაწესებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მოქალაქე განცხადების წარსადგენად განმეორებით იმყოფებოდა ამავე საჯარო დაწესებულებაში და პრეტენზიას გამოხატავდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამო. მითითებული პრეტენზიის ფარგლებში კი მოქალაქე დაწესებულების თანამშრომლის პირად დაინტერესებაზე მიუთითებდა. სამუშაო დღის დასრულებამდე, მითითებული თანამშრომელი დაუკავშირდა თავის მეუღლეს და გაუმჟღავნა სერვისის მიმღები მოქალაქის ვინაობა, მისამართი, დაწესებულებაში მისი ვიზიტისა და წარდგენილ განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შელაპარაკებისას გამოთქმული პრეტენზიის შინაარსი. ასევე, დაინტერესდა იცნობდა თუ არა მას და ჰქონდათ თუ არა რაიმე დავა განმცხადებლის პრეტენზიასთან დაკავშირებულ საკითხზე. დაწესებულების თანამშრომლის განმარტებით, ვინაიდან მოქალაქის პრეტენზიის მოსმენის შემდეგ აღელვებულს სურდა საკითხის გარკვევა, მეუღლეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით გაუმჟღავნა, დამსაქმებლისგან რაიმე მითითების მიღების გარეშე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლის მიერ განმცხადებლის მონაცემების მეუღლისთვის გამჟღავნება სცდებოდა აშკარად პირადი მიზნებით მონაცემთა დამუშავების ფარგლებს და უკავშირდებოდა პროფესიულ საქმიანობას. აღნიშნული გარემოების დადგენისას სამსახურმა ყურადღება გაამახვილა სერვისის მიმღების მიერ გამოთქმული პრეტენზიის შინაარსზე, რომელიც დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობას ეხებოდა, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ პროფესიული საქმიანობის მიღმა განმცხადებელის ზემოაღნიშნული მონაცემები დაწესებულების თანამშრომლისთვის ვერ გახდებოდა ცნობილი. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ის ფაქტიც, რომ ინფორმაციის მესამე პირისთვის (მეუღლისთვის) გამჟღავნება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული პრეტენზიის გარკვევას ემსახურებოდა.
სამსახურმა დამატებით განმარტა, რომ პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისას დაწესებულების თანამშრომელს შესაძლოა მართლაც ჰქონოდა მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიის გამორკვევის ინტერესი, თუმცა ეს ვერ იქნებოდა მიჩნეული განმცხადებლის მონაცემების კონფიდენციალობის დაცვაზე ღირებულ სიკეთედ. ასევე აღინიშნა, რომ სასურველი მიზნის მიღწევა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშეც შესაძლებელი იყო.
გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ თითოეულ დასაქმებულს ევალება კრიტიკულად და წინასწარ შეაფასოს მონაცემების დამუშავების ყოველი ფაქტი და კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ გამოიყენოს პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მონაცემების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გამჟღავნების გზით დამუშავების გამო დაწესებულების თანამშრომელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.