თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო-საჯარო ლექცია ჩატარდა
2022-04-06 10:39:11
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან თამარ ზარანდიასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო - საჯარო ლექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ლექცია სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს შეეხებოდა. მათ შორის:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მისი მანდატი;
- მოქალაქის უფლებები;
- ვიდეო-თვალთვალი;
- პირდაპირი მარკეტინგი და ა.შ.
ლელა ჯანაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჯარო ლექციებს ციკლური ხასიათი ექნება.
პირველ ლექციას, რომელიც ჰიბრიდული წესით გაიმართა და ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობასაც იძლეოდა, ჯამში 50-მდე ადამიანი დაესწრო.
მნიშვნელოვან თემებზე თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია დამსწრეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ტრენერებმა სალომე ქურასბედიანმა და ლილი ტანიაშვილმა მიაწოდეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სამსახურის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო-საჯარო ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად ჩაატარებენ.