2020 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო დარღვევების პრევენციასა და სისტემური მიდგომების დამკვიდრებაზე

2021-04-01 13:01:55

 

2020 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩამოყალიბდა ორი ახალი დამოუკიდებელი დეპარტამენტი - საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი და მუშაობა გააგრძელა სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა. სამსახურის ასეთი სტრუქტურული მოწყობა მონაცემთა დაცვის საკითხებზე სისტემურ სექტორულ მიდგომას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შემუშავდა პოტენციურად მაღალრისკიანი სფეროების იდენტიფიცირების კრიტერიუმები, რომელთა საშუალებით ვლინდება ის ორგანიზაციები, სადაც მაღალია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ალბათობა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე მომზადდა გეგმა 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით შესამოწმებელი საჯარო და კერძო დაწესებულებების შესახებ.

მომზადდა თვითშეფასების კითხვარი, რომელიც საჯარო და კერძო დაწესებულებებს აძლევს საკუთარ ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას.

სამსახურმა დაიწყო სტუდენტური პროექტი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“, რომლის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 20-მდე სტუდენტი შეირჩა. სტუდენტები რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ჩაერთნენ.

მომზადდა და საქართველოს 14 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, რუსთავი, ბოლნისი, ონი, ბათუმი, თელავი, გორი და ოზურგეთი) მდებარე იუსტიციის სახლში განთავსდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და იმ რისკებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მათ არასწორ გამოყენებას, გავრცელებას, სხვისთვის გაზიარებასა და სოციალურ ქსელში განთავსებას.

სახელმწიფო ინსპექტორმა 7 დიდ ქალაქში (ბათუმი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი და ქუთაისი) ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა რეგიონებში ცნობიერების ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას.

მომზადდა და გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებათა 2 კრებული არასრულწლოვანთა მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. კრებულები სამსახურის მიერ შესწავლილ რეალურ საქმეებს აერთიანებს. მათი მიზანია, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომების გაცნობა და ამ გზით  მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაში ხელშეწყობა.

შემუშავდა რეკომენდაციები და საინფორმაციო დოკუმენტები - პანდემიის პირობებში სხვადასხვა სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, საარჩევნო პროცესის დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ამომრჩეველთა უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთათვის -  ინტერნეტში არსებული საფრთხეების შესახებ.

მომზადდა ორი ვიდეო-ლექცია, ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა დამუშავებისა და ინტერნეტსივრცეში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხებზე.

სამსახური იყო აქტიური საერთაშორისო ასპარეზზეც. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობდა. მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) სხდომებსა და ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტის (CAHAI) სამუშაო შეხვედრებზე. სამსახური აქტიურად ჩაერთო ისეთ საერთაშორისო ფორმატებში, როგორიცაა: ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო, ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭო, 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა. გაფორმდა მემორანდუმი უკრაინის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოსთან.

 

იხილეთ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია