სახელმძღვანელო პრინციპები მედიისთვის - ინსპექტორის აპარატი ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს
2017-04-05 16:33:02პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად აგრძელებს მუშაობას სახელმძღვანელო პრინციპებზე, რომელთა მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა.
ბალანსის დაცვა გულისხმობს იმას, რომ მედიამ შეძლოს სწორი შუალედის პოვნა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს შორის, როგორიცაა, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოების ინფორმირება და მეორე მხრივ, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ბალანსის საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, იმ პირობებში, როდესაც ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები და სისწრაფე ინდივიდების პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით სერიოზული გამოწვევაა.
5 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები და ევროსაბჭოს ექსპერტები თემით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ. ტელე-რადიო მაუწყებლების, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა განიხილეს დოკუმენტის ტექსტის სამუშაო ვერსია, იმსჯელეს საქართველოში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე, ასევე მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმებსა და მათი გამოყენების პრინციპებზე. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ევროსაბჭოს ექსპერტები საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებიან.
საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არ არეგულირებს მედიის საქმიანობას და ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად შემუშავებულ დოკუმენტსაც ცალსახად სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.