პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დააჯილდოვეს

2016-09-28 14:25:45

საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო უწყებებს შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უკვე მესამედ დასახელდა. ჯილდო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე თამარ ქალდანს გადაეცა.

„ჩვენი ორგანიზაციისთვის გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და აღიარებული პრინციპია. საჯარო ინფორმაციის გაცემა კი ერთ-ერთი საშუალებაა ამ პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებისთვის. მოგვმართავენ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, არამედ გვიკავშირდებიან მოქალაქეები, სტუდენტები, დაინტერესებული პირები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაიცეს“ - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

2016 წელს იმ საჯარო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს, სულ 55-ია. დაჯილდოვების ცერემონია ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

IDFI საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისთვის საჯარო უწყებებს უკვე მეშვიდე წელია აჯილდოვებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯილდო დაარსების პირველივე წელს მიიღო.