პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017-2021 წლის სტრატეგია პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას წარუდგინა

2016-08-27 14:24:29

საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი დონორებს, პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას წარუდგინა. დოკუმენტი ასახავს ორგანიზაციის ღირებულებებს, მისიასა და ხედვას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს მომდევნო 5 წლის მანძილზე.

„დაგროვილი გამოცდილების, გაზრდილი მომართვიანობისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით დღის წესრიგში დადგა ინსპექტორის აპარატის, როგორც საზედამხედველო ორგანოს ინსტიტუციური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც განახლებას დაექვემდებარება. მიგვაჩნია, რომ სტრატეგია დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ კანონით ჩვენზე დაკისრებული საზედამხედველო ფუნქცია და პროაქტიულად ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს.“ - განაცხადა თამარ ქალდანმა

დოკუმენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სფეროს ექსპერტებთან განხილვისა და თანამშრომლობის გზით, საკონსულტაციო კომპანიის „ჯეპრა“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.

პარტნიორ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სტრატეგია უკვე ფართო საზოგადოებას წარედგინება.