როგორ მოვიქცეთ, თუ არჩევნების წინ პირადი მონაცემების შესაგროვებლად მოგვაკითხეს? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციები მოქალაქეებს

2016-08-21 14:23:01

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების შეგროვების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ მათგან სხვადასხვა პირები პერსონალური მონაცემების მოპოვებას ცდილობენ, ეკითხებიან პირად ნომერს, ასაკს, სთხოვენ ხელმოწერას სხვადასხვა დოკუმენტზე ან იმის თქმას, თუ ვის აძლევენ ხმას.

თუ ასეთი თხოვნით თქვენც მოგმართეს, იცოდეთ, რომ, არ ხართ ვალდებული გასცეთ მონაცემები და არავის აქვს უფლება გაიძულოთ მათი გამჟღავნება. თქვენი არჩევანია, მიაწვდით თუ არა ვინმეს თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მოცულობით. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, კი მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ:

• ინფორმაციის გაცემამდე გაქვთ უფლება მოითხოვოთ განმარტება, ვინ და რა მიზნით აგროვებს თქვენს მონაცემებს და რისთვის აპირებს მომავალში მათ გამოყენებას;

•თუ დოკუმენტზე ხელმოწერას გთხოვენ, თქვენ გაქვთ უფლება გაეცნოთ სრული ტექსტს და შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება;

• თქვენ გაქვთ უფლება არ გაამჟღავნოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაცემები მათთან შეთანხმების გარეშე.

• თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი მონაცემები შეიძლება უკანონოდ გამოიყენონ, დაგვიკავშირდით: თბილისი ვაჩნაძის ქუჩა #7, ტელ:2 42 1000, ელ-ფოსტა office@pdp.ge