ინსპექტორის აპარატის 3 წლიანი საქმიანობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა

2016-07-07 14:18:01

 

2016 წლის 7 ივლისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც ინსპექტორის აპარატის სამწლიანი საქმიანობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმსჯელეს ინსპექტორის აპარატის შექმნიდან დღემდე 3 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე, გამოწვევებსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვას გააძლიერებს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა პიტერ დენისმა და გაეროს განვითარების პროგრამა “ადამიანის უფლებები ყველასთვის” პროექტის მენეჯერმა რუსუდან ტუშურმა.

„სამი წლის განმავლობაში ძირითადად ორიენტირებული ვიყავით სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, გამოვლენასა და შემდგომ მათ აღმოფხვრაზე, ამიტომ მოვიცავით მსხვილი საჯარო სტრუქტურები და კერძო მსხვილი ორგანიზაციები, მაგრამ არანაკლები პრობლემები შეიძლება არსებობდეს საშუალო და მცირე სექტორში, ამიტომ უნდა გაიზარდოს მასშტაბები და ყველა სფერო მოვიცვათ, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება“- განაცხადა თამარ ქალდანმა.

დისკუსიის მონაწილეებმა არასამთავრობო სექტორიდან ყურადღება გაამახვილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ ხარვეზებზე და წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობისთვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობა ყოველწლიურად მზარდია. 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა 115 ინსპექტირება, მათ შორის შემოწმდა 58 საჯარო უწყება და 57 კერძო ორგანიზაციის 904 ობიექტი, გამოვლინდა 155 სამართალდარღვევის ფაქტი, გაწეული კონსულტაციების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა, ხოლო განხილული განცხადებების საერთო რაოდენობა 229-მდე გაიზარდა.

მრგვალი მაგიდა გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

იხილეთ ფოტო მასალა

იხილეთ ვიდეო მასალა