თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგები დაიწყო

2016-07-06 14:16:32

2016 წლის 6 ივლისს, თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგების სერია დაიწყო, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების ამაღლებაა.

პირველი ტრენინგი თბილისის 152-ე საჯარო ბაღში დღეს გაიმართა და მასში თბილისის, 60-მდე საჯარო ბაღის დირექტორი მონაწილეობდა. ჯამურად ჩატარდება სამი ტრენინგი და მას დედაქალაქის ყველა ბაღის 200-ზე მეტი დირექტორი დაესწრება. ტრენინგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვება.

შეხვედრაზე განიხილეს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და სხვაგვარი დამუშავება, როგორია არასრულწლოვნების მონაცემების დამუშავების სპეციფიკა, როგორ რეგულირდება კანონით ვიდეოთვალთვალი და სხვა. ნატალია მიქელაძემ ბაგა-ბაღების დირექტორებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის როლი და ფუნქციები გააცნო, ასევე ისაუბრა მოქალაქეთა უფლებების შესახებ.

ბაგა-ბაღების დირექტორების ინტერესი შეეხებოდა ვიდეოთვალთვალის და მონაცემთა გასაჯაროების, მესამე პირებზე გადაცემის საკითხებს, რაზეც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტრენინგის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში როგორ მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარტს კონსულტაციისთვის.

„მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო ორგანიზაციებში მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება ბავშვებისა და არასრულწლოვნების მონაცემებს“ - აღნიშნა ნატალია მიქელაძემ.

თბილისის ბაგა-ბაღის დირექტორების ტრენინგი თბილისის საკრებულოს და ბაგა-ბაღების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის 14 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის საკრებულოს, განათლებისა და კულტურის კომისიას, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა.

შემდეგი ტრენინგი 8 ივლისს გაიმართება.