ინსპექტორის აპარატი კიბერდანაშაულების წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას

2016-07-05 14:14:39

2016 წლის 5 ივლისი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდნაშაულების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ოფიციალურ პრეზენტაციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებას, საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა აღნიშნა, კიბერდანაშაული არის გლობალური გამოწვევა და საქართველოსთვისაც აქტუალური თემა, რადგან იზრდება ელექტრონული ტრანზაქციების რაოდენობა, ასევე იზრდება სოციალური ქსელების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მომხმარებლების რაოდენობა, ამასთან მოქალაქეთა ცნობიერება არის დაბალი მონაცემთა უსაფრთხოების და პრევენციული ზომების შესახებ. ზიანი, რომელიც შეიძლება კიბერდანაშაულისაგან დადგეს, არის არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური. კვლევების თანახმად, 2019 წლისთვის კიბერ დანაშაულის შედეგად დამდგარი მატერიალური ზარალი 2 ტრილიონს გადააჭარბებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველდღიურად იკარგება ან იპარავენ მილიონნახევარ მონაცემს, სამწუხაროდ, ამაში შედის საქართველოს მოქალაქეების მონაცემებიც.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სასურველია, რომ წელიწადში ერთხელ კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართოს, რადგან ასეთი სახის დანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო გზა პრევენცია და ცნობიერების ამაღლებაა.

„აუცილებელია მოქალაქეებმა იცოდნენ სად, ვის და როგორ უნდა მიმართონ, თუკი მათ წინააღმდეგ ხორციელდება კიბერთავდასხმა ან მათი მონაცემები უკანონოდ მუშავდება. სწორედ ამიტომ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უერთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კიბერდანაშაულების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი დანაშაულების მაქსიმალურად შემცირებასა და აღკვეთას“, - აღნიშნა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

იხილეთ ვიდეომასალა: