ევროპის საბჭო პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ სტანდარტებზე მსჯელობს

2016-06-30 14:11:03

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი „პერსონალური მონაცემების ავტომატური გზით დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) 33-ე პლენარულ სხდომაში მონაწილეობს. სხდომა 29 ივნისს სტრასბურგში გაიხსნა და 2 ივლისამდე გაგრძელდება.

სხდომაზე 108 კონვენციის მოდერნიზებული ვერსიის, მისი განმარტებითი ბარათისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიებზე იმსჯელებენ. განსახილველ სახელმძღვანელოებს შორისაა დიდი ოდენობით მონაცემთა (Big Data) დამუშავების, პოლიციის სექტორში პერსონალურ მონაცემთა გამოყენების პრაქტიკული გზამკვლევი, პერსონალურ მონაცემთა ავტომატური მიმოცვლის, მედიის მიერ ინფორმაციის გაშუქებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამუშაო დოკუმენტები. შეხვედრის მონაწილეები გამოთქვამენ საკუთარი ქვეყნის მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხებზე.

პლენარულ სხდომაზე ასევე განიხილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ევროპის საბჭოს მონაცემთა დაცვის კომისრის საქმიანობის ანგარიში.

სხდომის ფარგლებში, 2016 წლის 1 ივლისს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს წევრების არჩევნები გაიმართა. კომიტეტის წარმომადგენლებმა ბიუროს წევრად საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აირჩიეს.

ბიუროს წევრობა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის საერთაშორისო აღიარება და ასევე, მძლავრი საერთაშორისო ტრიბუნაა, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპული სტანდარტების შემუშავებასა და დახვეწაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საკონსულტაციო ბიუროში 2014 წლიდან არის წარმოდგენილი.