ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მონაცემების გამჟღავნების თაობაზე მოქალაქეთა მომართვიანობა გაიზარდა

2016-06-24 14:09:46

 

ბოლო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სულ უფრო მეტი მოქალაქე მომართავს ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი მონაცემების გამჟღავნების თაობაზე. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა მათი თანხმობისა და ინფორმირების გარეშე სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნეს მათ ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებსა თუ თანამშრომლებს.

განცხადებების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ცალკეული ონლაინ სესხებისა და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მონაცემთა გამჟღავნება მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების და პრინციპების დარღვევით. გამოვლინდა ასევე სესხის ამომღები კომპანიისთვის მოვალეების შესახებ ინფორმაციის კანონდარღვევით გადაცემის შემთხვევაც. შედეგად 3 კომპანია სამართალდამრღვევად სცნეს. ამჟამად ინსპექტორის აპარატში 5 მოქალაქის განცხადების განიხილვა მიმდინარეობს.

ინსპექტორს მიაჩნია, რომ კომპანიებმა უნდა დაიცვან სამართლიანი ბალანსი მათ კანონიერ ინტერესსა და მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის, ვინაიდან პირის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მესამე პირებისათვის უკანონოდ გამჟღავნება საფრთხეს უქმნის მათ კანონიერ ინტერესს და შესაძლოა გამოიწვიოს მათი ღირსების შელახვა. გამოვლინდა, რომ მსესხებლებთან დადებული ხელშეკრულებები შეიცავს მის თანხმობას მონაცემთა გამჟღავნებაზე, თუმცა თანხმობის ტექსტი ხშირად ზოგადი და ბუნდოვანია, მოქალაქეს არ აძლევს მკაფიოდ ინფორმაციას მისი მონაცემების გამჟღავნების კონკრეტული შესაძლებლობების შესახებ.