პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2016-06-23 14:09:01

2016 წლის 23 ივნისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ორგანიზებით და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მონაწილეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო წითელი ჯვრის საქმიანობის პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხების განხილვა, რადგან ორგანიზაციის საქმიანობა დიდწილად დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები და ასევე, ინსპექტორი თამარ ქალდანი, რომელმაც ისაუბრა ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციასა და საქართველოში მოქმედ რეგულაციებზე, პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებსა და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ასევე პასუხები გასცა აუდიტორიის შეკითხვებს.

„ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ ორგანიზაციებთან და გავუწიოთ მათ კონსულტაციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა შემცირდეს საქართველოში მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტები და დამკვიდრდეს მონაცემთა დამუშავების სწორი პრაქტიკა“ - აღნიშნა ინსპექტორმა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბილჯანა მილოსევიჩმა დიდი მადლობა გადაუხადა თამარ ქალდანს გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციების მიცემისათვის და აღნიშნა, რომ კომიტეტი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად მჭიდროდ გააგრძელებს მუშაობას, რათა მათი საქმიანობის დროს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები იყოს დაცული.