პარლამენტში ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს

2016-06-13 14:05:33

 

2016 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს თამარ ქალდანს და ნიკოლოზ ლეგაშვილს მოუსმინეს.

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის წევრებს კანდიდატები წარუდგინა და მათი ბიოგრაფიები გააცნო, რის შემდეგაც, თამარ ქალდანმა და ნიკოლოზ ლეგაშვილმა დეპუტატებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

თამარ ქალდანმა თავის გამოსვლაში გატარებულ რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარების შესახებ ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა საკანონმდებლო რეფორმის გაგრძელების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მოქალაქეთა ინფორმირების ზრდის მნიშვნელობას.

მეორე კანდიდატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა პარლამენტარებს მისი ხედვები გააცნო: ისაუბრა ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და საზოგადოებასთან და მონაცემთა დამმუშავებლებთან მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე.

კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 8 წევრმა მხარი თამარ ქალდანის კანდიდატურას დაუჭირა, 4-მა წევრმა ნიკოლოზ ლეგაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 7-მა დეპუტატმა მხარი თამარ ქალდანის კანდიდატურას დაუჭირა, 4-მა დეპუტატმა ნიკოლოზ ლეგაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 4 ბიულეტენი გაბათილდა.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პარლამენტი 3 წლის ვადით ირჩევს. 2013 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებს.

იხილეთ ფოტომასალა:

იხილეთ კანდიდატების გამოსვლა პარლამენტში: