თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტს 2015 წლის ანგარიში წარუდგინა

2016-06-09 14:02:03

 

2016 წლის 9 ივნისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიში წარადგინა.

თამარ ქალდანმა მოხსენების დასაწყისში მოკლედ მიმოიხილა მისი, როგორც პირველი ინსპექტორის, 3 წლიანი საქმიანობა და ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწისა და ინსპექტორის აპარატის დამოუკიდებელ საზედამხედველო ინსტიტუტად ჩამოყალიბების პროცესი.

ინსპექტორმა ისაუბრა 2015 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისადმი მოქალაქეთა მიმართვიანობა 6-ჯერ, კონსულტაციებზე მიმართვიანობა 3-ჯერ გაიზარდა, ჩატარდა 54 ორგანიზაციის, მათ შორის 16 საჯარო და 38 კერძო ორგანიზაციის შემოწმება და გამოვლინდა 64 სამართალდარღვევის ფაქტი, საჯარო უწყებებიდან ყველაზე მეტი ინსპექტირება ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემოწმდა კომუნიკაციის (ინტერნეტ და სატელეფონო) კომპანიები, სავაჭრო ქსელები, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, 41 ორგანიზაციას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა სახდელი - ჯარიმა ან გაფრთხილება.

2015 წელს გამოვლენილი დარღვევები შეეხებოდა მონაცემთა კანონიერი საფუძვლის გარეშე ან პრინციპების დარღვევით დამუშავებას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერებას, მონაცემთა გასაჯაროებას და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობას, მონაცემთა ბაზებზე წვდომის კანონიერებას, მოძველებულ ინფორმაციაზე ფართო ხელმისაწვდომობას, ვიდეო-აუდიო თვალთვალს, პირდაპირ მარკეტინგს.

2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადება-ჩაწერის კონტროლის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა და კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის სისტემა, ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მათი მუშაობის შედეგად აღმოიფხვრა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მხოლოდ წერილის საფუძველზე გამოთხოვის კანონშეუსაბამო პრაქტიკა, არსებითად შეიცვალა აბონენტების შესახებ ინფორმაციის, ისევე როგორც კერძო ორგანიზაციებისგან, ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის პრაქტიკა.

„ჩვენ დღეს პარლამენტს წარვუდგინეთ 2015 წლის განმავლობაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებებისა და გაწეული კონსულტაციის შედეგები და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოიფხვრა არაერთი დარღვევა, გამოწვევები კვლავ რჩება“ - აღნიშნა ინსპექტორმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს.

იხილეთ თამარ ქალდანის გამოსვლა პარლამენტში: