პრემიერ-მინისტრის ბრძანებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა

2016-05-06 13:41:24

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრის მიერ შედგენილ კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი;
  • ეკა ბესელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის მოადგილე;
  • გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI დირექტორი.

კანონმდებლობის თანახმად, ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და შესაბამისი საქმიანი და მორალური თვისებები. ინსპექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება ზედიზედ აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია შეარჩევს ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, შემდეგ პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით, კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა ირჩევს ინსპექტორს. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში კვლავ გამოაცხადებს კონკურსს. .

კანონის თანახმად, ახალარჩეული ინსპექტორის უფლებამოსილება მოქმედი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან იწყება.

მოქმედი ინსპექტორი თამარ ქალდანი თანამდებობაზე 2013 წლის 1 ივლისს დაინიშნა.