პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საქართველოს პარლამენტში ტრენინგი გაიმართა

2016-03-10 13:01:19

2016 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებისათვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლი ანი უძღვებოდნენ.

ტრენინგს ესწრებოდნენ პარლამენტის სხვადასხვა დეპარტამენტის, სამდივნოს, კომიტეტის აპარატის უფროსები, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა განყოფილების გამგეები და მთავარი სპეციალისტები, რომლებიც კანონშემოქმედებით საქმიანობაზე არიან პასუხისმგებლები. შეხვედრაზე განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისაუბრეს მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და რეგულაციებზე, მონაცემების შენახვის ვადებზე, მოქალაქეთა უფლებებზე.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, პირდაპირი შეხება გვაქვს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებთან და ამდენად, მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ როგორც არსებულ რეგულაციებს, ისე მონაცემების დაცვის შესახებ დამკვიდრებულ პრაქტიკასა და ევროპულ სტანდარტებს“ - აღნიშნა პარლამენტის აპარატის საკადრო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მარინე ასათიანმა.

შეხვედრაზე პარლამენტის თანამშრომლების მიერ დაისვა შეკითხვები, რომლებიც შეეხებოდა ბალანსის დაცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას შორის, ინფორმაციის გასაჯაროების სპეციფიკას, მონაცემების გასწორებასა და გამჟღავნებას, შენობაში შესვლა-გასვლის დროს მონაცემების დამუშავებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერის თქმით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოხდა კანონის სხვადასხვა მუხლების განმარტება და მათ პრაქტიკაში არსებულ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მომავალში ვაპირებთ, როგორც საკონსულტაციო, ასევე სხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაგრძელებას.