პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ცესკოს თანამშრომელებისათვის ტრენინგები დასრულდა

2016-03-01 12:58:57

2016 წლის 1 მარტს დასრულდა ტრენინგების ციკლი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისათვის, რომელსაც ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა.

ტრენინგები 3 ეტაპად ჩატარდა და მას ცესკოს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

შეხვედრები დაეთმო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მონაცემთა დამუშავების პრინციპებისა და საფუძვლების, სპეციალური რეგულაციების განხილვას. ნატალია მიქელაძემ დამსწრეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ფუნქციები და მანდატი გააცნო. აგრეთვე განიხილეს მოქალაქეთა უფლებები და თუ როგორ ახორციელებს ინსპექტორი მონაცემთა დამუშავებაზე ზედამხედველობას. შეხვედრაზე დასმული კითხვები შეეხებოდა ბალანსის დაცვას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პერსონალური მონაცემების დაცვას შორის.

„ცენტრალურ საარაჩევნო კომისიაში დიდი რაოდენობით პერსონალური ინფორმაცია მუშავდება, რომელზეც ცესკოს თანამშრომელებს ყოველდღიურად მიუწვდებათ ხელი. სწორედ ამიტომ, მათთვის ტრენინგების ჩატარება და ინფრომაციის მიწოდება იყო მნიშველოვანი. შეხვედრაზე განვიხილეთ მათი საქმიანობიდან გამომდინარე პრაქტიკული საკითხები" - აღნიშნა ნატალია მიქელაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განაგრძობს თანამშრომლობასა და სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის ტრენინგების ჩატარებას.