პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა

2016-02-18 12:55:40

2016 წლის 17-18 თებერვალს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მორიგი ტრენინგი კაჭრეთში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლები.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში განიხილეს პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და გამონაკლისები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, მონაცემთა დამუშავება ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების დროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი და ფუნქციები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ტრენინგზე იმსჯელეს კონკრეტულ შემთხვევებსა და მაგალითებზე როგორც ინსპექტორის აპარატის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები უძღვებოდნენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხუთი ტრენინგი გაიმართა, რომელიც 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის თებერვლამდე ჩატარდა და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს მთელი ტერიტორიიდან მონაწილეობდნენ, ტრენინგების ციკლი ICMPD-ის პროექტ ENIGMMA-ს მხარდაჭერით განხორციელდა.