"პე-ეს-პე"-ს აფთიაქებში აუდიოჩაწერის სისტემა გაუქმდება

2016-02-15 12:51:54

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა „პსპ აფთიაქის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.

2016 წლის 18 იანვრის დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „პსპ აფთიაქის“ საჩივარი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომელიც შეეხებოდა, „პსპ აფთიაქის“ დაჯარიმებას, აფთიაქებში აუდიოჩაწერის შეწყვეტასა და მოპოვებული ჩანაწერების წაშლას .

სასამართლომ მიიჩნია, რომ მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნის მისაღწევად მუდმივ რეჟიმში აუდიო-ვიდეო სისტემების გამოყენება იყო როგორც დასაქმებულთა ისე მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. ამასთან, კომპანიის მიზნის - მომსახურების ხარისხის კონტროლის მიღწევა შესაძლებელი იყო სხვადსხვა საშუალებებით, რაც აუდიო ჩანაწერებისგან განსხვავებით არ იწვევდა მიზნის არაპროპორციულად დიდი მოცულობით მონაცემების დამუშავებას, მაგალითად, როგორიცაა მისტიური მომხმარებელი, აფთიაქებში განთავსებული რეკლამაციის ფორმები, რომლებსაც კომპანია უკვე იყენებდა.

სასამართლომ აღნიშნა, კომპანიამ ვერ დაასაბუთა დასახული მიზნის მისაღწევად მონაცემთა ამგვარად და ამ მოცულობით დამუშავების აუცილებლობა, ასევე ვერ განმარტა თუ რატომ აჭარბებდა კომპანიის ინტერესი - აკონტროლოს მომსახურების ხარისხი, მონაცემთა სუბიექტის უფლებისა და თავისუფლების დაცვის ინტერესს.

სასამართომ აღნიშნა, რომ ინსპექტორის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თემის მასშტაბურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მისი ინიციატივით 2015 წელს „პე-ეს-პე“-ს, „სახალხო აფთიაქის“ და „ავერსი გეოფარმის“ სააფთიაქო ქსელებში აუდიო-ვიდეო კონტროლის კანონიერების საკითხი შეისწავლა. შესწავლის შემდეგ ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აფთიაქებში მუდმივ რეჟიმში აუდიომონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას, როგორც მომხმარებელთა, ისე დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ პრინციპს. ინსპექტორის გადაწყვეტილებით სამივე კომპანია დაჯარიმდა, მათ დაევალათ აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება. ინსპექტორის გადაწყვეტილება აფთიაქებმა სასამართლოში გაასაჩივრეს, „სახალხო აფთიაქის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, „ავერსი გეოფარმის“ საჩივრების სასამართლო განხილვა კი კვლავაც მიმდინარეობს.

„სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლო დაეთანხმა ინსპექტორის გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფთიაქებში აუდიოჩაწერა არღვევდა როგორც მომხმარებლების, ისე ფარმაცევტების უფლებებს და ეს იყო მათ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გადაწყვეტილების აღსრულებას ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მონიტორინგს“ - განაცხადეს ინსპექტორის აპარატში.