ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

2016-01-18 12:46:27

„ბარბულეშკუ რუმინეთის წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვარის გადაწყვეტილება საზოგადოების მსჯელობისა და არაერთგვაროვანი ინტერპრეტირების საგანი გახდა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინსპექტორის აპარატმა აღნიშნული გადაწყვეტილება დეტალურად შეისწავლა და გვინდა, დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ რუმინეთის მოქალაქე ბარბულეშკუ სამუშაო დროს სამსახურებრივი მიზნებისთვის შექმნილი "Yahoo Messenger"-ის პირადი მიმოწერისთვის გამოყენების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიის შიდა რეგულაცია კრძალავდა სამუშაო დროს ორგანიზაციის საკომუნიკაციო საშუალებების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.

რუმინეთის სასამართლომ ბარბულეშკუსა და კომპანიის დავის განხილვისას მითითება არ გააკეთა არც პირადი კომუნიკაციის შინაარსზე და არც იმ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა, ვისთანაც ბარბულეშკუს ჰქონდა კომუნიკაცია. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომუნიკაციის შინაარსი ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ დასაქმებულმა ვერ დაასაბუთა, რატომ გამოიყენა "Yahoo Messenger"-ი პირადი მიზნებისთვის.

ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ რუმინეთის სახელმწიფომ დაიცვა სამართლიანი ბალანსი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის, რადგან დამსაქმებელმა შეამოწმა კომუნიკაცია მხოლოდ "Yahoo Messenger"-ზე და არა დასაქმებულის კომპიუტერში არსებული სხვა დოკუმენტები, შესაბამისად, დამსაქმებელი მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში და თანამშრომლის მონიტორინგი ლიმიტირებული და პროპორციული იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხოლოდ დავის მხარე ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, რუმინეთისთვის. თუმცა, გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა მნიშვნელოვანია კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

ევროსასამართლოს განმარტებით, სამუშაო შენობიდან სატელეფონო ზარის განხორციელება, ისევე, როგორც ელექტრონული მიმოწერა, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. თუ დასაქმებული არ არის გაფრთხილებული მონიტორინგის შესახებ, მას აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი პირადი კომუნიკაცია და ინტერნეტით სარგებლობა დაცულია ჩარევისგან (იხილეთ საქმეები Halford v. United Kingdom (1997) და Copland v. United Kingdom (2007)), განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც დამსაქმებლის შიდა რეგულაცია მკაცრად კრძალავს კომპანიის კომპიუტერისა და რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.