პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მონაწილეობა მიიღო ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში
2015-03-31 12:39:002015 წლის 26-27 მარტს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საერთაშორისო კონფერენცია „მოსახლეობის რეგისტრაცია, პერსონალური მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების უფლება - გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა. კონფერენციაზე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიწვევით, ყირგიზეთისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებოდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, რომელმაც ისაუბრა პერსონალური მონაცემების დაცვის როგორც საერთაშორისო სტანდარტებზე, ისე საქართველოს პრაქტიკასა და გამოცდილებაზე.
ინსპექტორმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე როგორია სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის კონტექსტში, ისაუბრა ინსპექტორის მანდატზე - მის ფუნქციებსა და საქმიანობაზე, მოქალაქეთა განცხადებების და განხორციელებული ინსპექტირებების შესახებ. ინსპექტორმა დიდი ყურადღება დაუთმო დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს დაარსების პროცესს, რაზეც ბიშკეკში ამჟამად მსჯელობენ.
„ჩვენ ვითვლებით რეგიონში სფეროს პიონერებად და მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილების პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის გაზიარება, კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ჩვენ მათ გავაცანით ინსპექტორის აპარატის მიღწევები. ასევე ეს არის კიდევ ერთი ტრიბუნა, რომ საერთაშორისო ექსპერტებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ ჩვენი საქმიანობის შედეგები და გავუზიაროთ საუკეთესო გამოცდილება,“ - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ავსტრიელი და ლიტველი ექსპერტები.
იხილეთ ოფიციალური წყარო კონფერენციის შესახებ http://www.osce.org/bishkek/146966