პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

2015-12-31 12:28:34

მსურს ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2016 წელი, გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა!

2015 წელს ჩვენმა ქვეყანამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დადებითი შეფასება არის ძირეული რეფორმების, კოორდინირებული მუშაობის, ძალისხმევის შედეგი და თითოეული ჩვენგანის წარმატება.

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური განვითარებისთვის, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და განვითარდა სასამართლო პრაქტიკა, ამოქმედდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის სისტემა, გრძელდებოდა საჯარო, კერძო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა.

პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობისა და მონაცემების უკანონო დამუშავებით გამოწვეული საფრთხეების გაცნობიერების პროცესში ჩვენს ძალისხმევასთან ერთად, გადამწყვეტია თქვენი, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების და თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა.

მადლობა გვინდა ვუთხრათ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც 2015 წელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი და განსაკუთრებული მადლობა მოქალაქეებს, რომელთა აქტიურობის და მომართვიანობის შედეგად არა მხოლოდ მათი, არამედ ათასობით სხვა მოქალაქის უფლებების დაცვა გახდა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

თამარ ქალდანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი