უვიზო მიმოსვლა და პერსონალური მონაცემების დაცვა

2015-12-18 12:23:48

 

დღეს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით გატარებული რეფორმები თავის მეოთხე ანგარიშში დადებითად შეაფასა.

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, რომელთანაც უვიზო მიმოსვლა ექნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისეთივე სტანდარტები არსებობდეს, როგორც მის წევრ ქვეყნებშია.

ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მისაღწევად, აუცილებელი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში რეფორმების გატარება, რომლის ფარგლებში საქართველომ შეიმუშავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო, და ასევე შეიქმნა სათანადო უფლებამოსილების მქონე პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ევროკავშირის შემფასებელი ექსპერტები საქართველოში 2015 წლის 23-27 თებერვალს იმყოფებოდნენ და დეტალურად გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკას, განხორცელებულ აქტივობებს, პირადად შეხვდნენ აპარატის თანამშრომლებს და მათგან მოისმინეს საქმიანობის აღწერა და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. მათი შეფასებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ინსპექტორის აპარატი ფუნქციონირებს ეფექტურად, ჩატარდა ტრენინგები და საზოგადოებრის ცნობიერების ამაღლების მიზნით გაწეულია მნიშვნელოვანი საქმიანობა.

„ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აქტიურად მონაწილეობდა და მისასალმებელია, რომ 2012 წელს დაწყებული საქართველო-ევროპის კავშირის სავიზო დიალოგის პროცესი დღეს წარმატებით დასრულდა“ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

საქართველო-ევროპის კავშირის სავიზო დიალოგის პროცესი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, თუმცა საქართველო კვლავ განაგრძობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით შესაბამისი რეფორმების გატარებას ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.