თამარ ქალდანმა მონაწილეობა მიიღო ინტერნეტ მმართველობის ფორუმში

2015-12-15 12:20:28

2015 წლის 15 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მონაწილეობა მიიღო ინტერნეტ მმართველობის ფორუმში, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვას შეეხებოდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ სივრცეში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებზე, კერძოდ, ისაუბრა უფასო აპლიკაციებთან და ინტერნეტ მაღაზიებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ასევე სოციალურ ქსელებში მონაცემთა გასაჯაროების თემაზე. თამარ ქალდანმა ასევე მიმოიხილა ინსპექტორის აპარატის მიერ 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა.

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებამ ინსპექტორს შეკითხვები დაუსვა სხვადასხვა თემაზე, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ინტერნეტ მომხმარებლების უფლებებმა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის ბალანსის დაცვის საკითხმა.

ღონისძიება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან თანამშრომლობით გაიმართა.მასში საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.