პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის უკვე მეორედ დაჯილდოვდა

2015-12-11 12:19:38

 

2015 წლის 11 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და აღნიშნულ წლებში ყველაზე ღია და დახურული საჯარო ორგანიზაციები დაასახელა. ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. ეს ინსპექტორის აპარტისთვის საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფისთვის გადაცემული უკვე მეორე ჯილდოა.

სიგელი IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს გადასცა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მხოლოდ ორი წელია არსებობს და ჩვენ უკვე მეორედ დავჯილდობდით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. ინსპექტორის აპარატი, როგორც ყველა საჯარო უწყება, ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და მოხარულები ვართ, რომ ვამკვიდრებთ საჯარო ინფორმაციის უზრუნვლეყოფის მაღალ სტანდარტს. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბალანსის დაცვა საჯარო ინფორმაციასა და პერსონალური მონაცემების დაცვას შორის ნამდვილად შესაძლებელია“ - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას სრულყოფილად, ვადის სრული დაცვით გასცა პასუხი და შედეგად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აჩვენა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge" ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს. პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.