თბილისის საქალაქო სასამართლომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება „კრედიტონის“ და „კრედიტინფოს“ დაჯარიმების შესახებ ძალაში დატოვა

2015-12-01 12:12:13

 

2015 წლის 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონის“ და „კრედიტინფო საქართველოს“ დაჯარიმების შესახებ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის დარღვევისთვის - მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დამუშავებისთვის და გადაცემისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ორივე ორგანიზაცია 500-500 ლარით დააჯარიმა. ინსპექტორის გადაწყვეტილება ორგანიზაციებმა სასამართოში გაასაჩივრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიების წარმომადგენლების პოზიციები და დაეთანხმა ინსპექტორის გადაწყვეტილებას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონი“ გასცდა მის უფლებამოსილებას და მოქალაქის მონაცემების გადამოწმების დროს დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, რადგან მონაცემების გადამოწმებისთვის მას არ ჰქონდა მოქალაქის თანხმობა. კანონის დაირღვა მაშინაც, როცა მოქალაქის მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მიეწოდა მის შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი დაარღვია „კრედიტინფო საქართველომაც“, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მოქალაქეზე მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა.

2015 წლის აგვისტოში მოქალაქის განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეისწავლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონის“ მიერ „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში მოქალაქის მონაცემების გადამოწმების კანონიერების საკითხი. მოქალაქე, რომელმაც ინსპექტორს რეაგირებისთვის მიმართა, აღნიშნავდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონმა“ მისი თანხმობის გარეშე გადაამოწმა მონაცემები „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რითაც დაირღვა მისი უფლებები.

„დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ გაიზიარა ინსპექტორის პოზიცია. მოქალაქეების მონაცემების შეგროვების, შენახვის თუ გადამოწმებისთვის ორგანიზაციებს აუცილებლად სჭირდებათ შესაბამისი კანონიერი საფუძველი“ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.