სტოკჰოლმში "ინტერნეტფორუმი 2015" მიმდინარეობს
2015-10-21 11:53:20ფორუმის წველანდელი ფოკუსი გენდერული თანასწორობაა. ორგანიზატორების თქმით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და გენდერული თანასწორობა ეს არის გლობალური თემა, რომელსაც მრავალი დაინტერესებული მხარე ჰყავს და მნიშვნელოვანია ყველამ ერთად იმსჯელოს, თუ რას ნიშნავს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და რა შეიძლება ჩაითვალოს ამ ხელმისაწვდომობის შეზღუდვად. ფორუმზე, რომელიც გლობალური დებატების ადგილია, განიხილავენ თუ როგორ ახდენს თავისუფალი, ღია და დაცული ინტერნეტი ადამიანის უფლებების ადვოკატირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ფორუმში მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან 92 ქვეყნის 400 წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მომუშავე მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის ორგანიზატორია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო, სწორედ მათი მიწვევით ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.
სტოკჰოლმის ინტერნეტფორუმი პირველად 2012 წელს ჩატარდა. ადამიანის უფლებების პატივისცემა და გლობალური განვითარება - ეს კონფერენციის მთავარი გზავნილებია.
ფორუმის ოფიციალური ვებგვერდია http://www.stockholminternetforum.se/, სადაც ხდება ფორუმის დისკუსიების ონლაინ ტრანსლირება.