თბილისის საქალაქო სასამართლომ ინსპექტორის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
2015-10-20 11:51:42
2015 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უცვლელად დატოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის 1 სექტემბერის გადაწყვეტილება შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ სამართალდამრღვევად ცნობის და დაჯარიმების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ორგანიზაციის შემოწმება მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მიუთითებდა, რომ შპს „თბილისის ბიზნეს სახლმა“ მისი თანხმობის გარეშე მისი დიპლომი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გაასაჯაროვა.
მოქალაქის განცხადების განხილვისას კომპანიის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოქალაქისაგან ერთჯერადად მოიპოვა ზეპირსიტყვიერი თანხმობა მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროების შესახებ, თუმცა ორგანიზაციამ მოქალაქის თანხმობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ინსპექტორმა ორგანიზაცია სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.
ინსპექტორის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც არ გაიზიარა საჩვრის ავტორის პოზიცია და ინსპექტორის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.