ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა
2015-10-12 11:47:04
2015 წლის 10-11 ოქტომბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით და ICMPD-ის ფინანსური მხარდაჭერით პერსონალური მონაცემების დაცვისა და მიგრაციის შესახებ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების 20 ჟურნალისტი და პროდიუსერი დაესწრო.
ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, გამოწვევებისა და ინსპექტორის აპარატის 2 წლიანი საქმიანობის შესახებ. ინსპექტორის მოადგილემ ნიკა ბრეგვაძემ ისაუბრა ინსპექტორის ინიციატივების, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, საჯაროდა კერძო ორგანიზაციებში ჩატარებული შემოწმებების შედეგებზე და კონკრეტულ მიღწევებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მიმოიხილა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმები, ასევე ჟურნალისტებს გააცნო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის დროს ინსპექტორის მანდატი და ფუნქციები.
სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს ვიდეოთვალთვალის, პირდაპირი მარკეტინგის, სოციალური ქსელების და სხვა აქტუალური თემების შესახებ.
ტრენინგის მეორე დღე სრულად დაეთმო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ არსებულ სიახლეებს.
ღონისძიების შესახებ ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.