ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები საზედამხედველო ორგანოების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ
2015-09-28 11:42:132015 წლის 28-29 სექტემბერს ალბანეთის ქ.ტირანაში, იმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 27-ე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა სხვადასხვა ქვეყანაში მონაცემთა კანონიერების შემოწმებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.
შეხვედრაზე განიხილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები საფინანსო და საჯარო სექტორში, პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის მეთოდები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, პირდაპირი მარკეტინგის რეგულირება, ინტერნეტ სივრცეში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები და სხვა.
შეხვედრაში ევროპის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2 თანამშრომელი.
„შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან საშუალება გვეძლევა გავეცნოთ ევროპის მოწინავე საზედამხედველო ორგანოების საუკეთესო პრაქტიკას და ჩვენს კოლეგებს წარვუდგინოთ საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმები და ღონისძიებები, “ - აღნიშნავენ ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.