პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საკანონმდებლო წინადადებების პროექტი პარლამენტის წევრებს გააცნო
2015-09-22 11:39:482015 წლის 22 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე საქართველოს პარლამენტის წევრებს და საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ საკანონმდებლო წინადადებების პროექტი გააცნეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანონის პრაქტიკაში მოქმედებამ და საზედამხედველო ორგანოს 2 წლიანი მუშაობის შემდეგ დღის წესრიგში დადგა სხვადასხვა საკითხები, რომელთა დახვეწაც მნიშვნელოვანია.
ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება მოიცავს ცვლილებებს 10 კანონში, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეთავაზებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილება, მათ შორის:
- კანონის მოქმედების სფეროს გაფართოვება და მცირე გამონაკლისების გარდა, მისი სრულად გავრცელება ყველა სახის მონაცემთა დამუშავებაზე;
- ვიდეოთვალთვალის მსგავსად აუდიოჩაწერისა და აუდიო კონტროლის რეგულირება;
- ჯანმრთელობის, ნასამართლობის და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების და მონაცემთა სხვა ქვეყნებში გადაცემის საფუძვლების დაკონკრეტება;
- ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნების მონაცემთა დამუშავება.
ინსპექტორის მიერ მომზადებული წინადადებები ეხება პირდაპირ მარკეტინგსაც, შემოთავაზებულია ერთიანი ვებპორტალის შექმნა, სადაც პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პორტალის მეშვეობით ერთიანად თქვან უარი მათთვის არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებზე.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გაზრდა, როცა ხდება 100 ან მეტი მოქალაქის უფლების დარღვევა.
ინსპექტორის აპარატმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პერსონალურ მონაცემთა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიმუშავა.
წინადადებების წარდგენა და განხილვა უკვე გაიმართა საჯარო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.