საკანონმდებლო წინადადებების პროექტის განხილვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან
2015-09-18 11:37:18დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე საჯარო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად პერსონალურ მონაცემთა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების პროექტი განიხილეს.
საკანონმდებლო წინადადება მოიცავს ცვლილებებს 10 კანონში, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეთავაზებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილება:
- კანონის მოქმედების სფეროს გაფართოება და მცირე გამონაკლისების გარდა, მისი სრულად გავრცელება ყველა სახის მონაცემთა დამუშავებაზე;
- ვიდეოთვალთვალის მსგავსად აუდიოჩაწერისა და აუდიო კონტროლის რეგულირება;
- ჯანმრთელობის, ნასამართლობის და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების და მონაცემთა სხვა ქვეყნებში გადაცემის საფუძვლების დაკონკრეტება;
- ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნების მონაცემთა დამუშავება.
ინსპექტორის მიერ მომზადებული წინადადებები ეხება პირდაპირ მარკეტინგსაც. შემოთავაზებულია ერთიანი ვებპორტალის შექმნა, სადაც პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პორტალის მეშვეობით ერთიანად თქვან უარი მათთვის არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებზე.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გაზრდა, როცა ხდება 100 ან მეტი მოქალაქის უფლების დარღვევა.
„დაახლოებით 10 კანონში მოვიაზრებთ ცლილებებს. რა თქმა უნდა, ძირიდათი ცვლილებები ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს. კანონის მოქმედების სფეროს მიღმა რჩებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც მოქალაქეთა ინტერესების და პერსონალურ მონაცემების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ერთის მხრივ, ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოვებით და მეორეს მხრივ, ადგილზე პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრის მიზნით, მოვამზადეთ აღნიშნული ცვლილებები“ - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.
საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფის მიზნით მათი განხილვა ასევე დაგეგმილია არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან.