პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პირველი საერთაშორისო მემორანდუმი გააფორმა
2015-08-18 11:31:54დღეს, 18 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალურმა ინსპექტორმა ედიტა ბილაკ-იომამ ვარშავაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის ეს პირველი საერთაშორისო მემორანდუმია, რომელიც მიზნად ისახავს პოლონეთსა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ტექნოლოგიური განვითარება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სხვა შეხვედრების ორგანიზება. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები რეგულარულად გაუზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციასა და გამოცდილებას, განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები გაეცნობიან პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური ინსპექტორის ბიუროს მიერ განხორციელებულ საქმიანობას და მათ გაუზიარებენ საქართველოს გამოცდილებას, მათ შორის კანონშემოქმედებითი, ინსპექტირების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და სხვა მიმართულებებით.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი 2013 წელს შეიქმნა, ინსპექტორი ზედამხედველობს კერძო და საჯარო ორგანიზაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას და განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს.