საინფორმაციო შეხვედრები ბათუმში

2015-07-31 11:26:44

2015 წლის 28 ივლისიდან 31ივლისის ჩათლითპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფროსი იურისტი ეკა გორდაძე და საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ოთარ ჩახუნაშვილი ერთ-ერთი კერძო ორგანიზაციის ინსპექტირების მიზნით ქალაქ ბათუმში იმყოფებოდნენ და შემოწმების პარალელურად, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

30 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, განათლების, კულტურისა და სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ასევე ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები, მონაცემთა ბაზებთან წვდომისა და მათი გამჟღავნების საკითხები, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმები და ინსპექტორის აპარატის საქმიანობა.

31 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს აპარატის საქმიანობა, მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ჩატარებული ინსპექტირებების შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხს.შეხვედრები გაშუქდა ადგილობრივ  მედიაში.

 

 

 

 

 

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს, როგორც სატელეფონო ისე წერილობით კონსულტაციებს, მაგრამ ადგილზე შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დასმული კითხვები და განხილული საკითხები დასტურია იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია და კანონის პრაქტიკაში დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. რეგიონებში მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ“ - განაცხადა ეკა გორდაძემ.