სამედიცინო მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაციები განახლდება

2015-07-06 11:21:47

 

2015 წლის 1-3 ივლისს სტრასბურგში პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისა და ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) 32-ე პლენარული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი.

პლენარულ სხდომაზე განიხილეს მონაცემების დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და დოკუმენტები, მათ შორის 108-ე კონვენციის მოდერნიზაციის საკითხი, ე.წ. დიდი მონაცემთა ბაზები, რომელთა უსაფრთხოება მსოფლიოს გამოწვევად რჩება, იმსჯელეს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საპოლიციო სექტორში, ასევე მგზავრების მონაცემების დამუშავების საკითხებზე (PNR).

“პლენარული სესია საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი დიდი ნაწილი სამედიცინო მონაცემების დამუშავების საკითხებს დაეთმო, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემები მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება, ხოლო დღეს არსებული რეკომენდაციები მას ვერ ეწევა, ამიტომ დღის წესრიგში დადგა არსებული რეკომენდაციების განახლების საკითხი, რაზეც პლენარული სესიის წევრებმა თანხმობა განაცხადეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესების მონაწილე, რადგან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გვქონდეს სრული ინფორმაცია და გავითვალისწინოთ ჩვენი კოლეგების გამოცდილება“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროში (T-PD BUR) საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2014 წლიდან არის წარმოდგენილი, ბიუროს შემდეგი სხდომა ოქტომბერში გაიმართება.