პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2 წლისაა
2015-07-01 11:20:302015 წლის 1 ივლისს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნიდან 2 წელი გავიდა.
ორი წლის განმავლობაში ინსპექტორის მანდატი გაფართოვდა და გავრცელდა კერძო სექტორისა და სამართალდამცავ ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე, გაიზარდა ინსპექტორის დამოუკიდებლობისა და პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხი.
ორი წლის განმავლობაში აპარატის მიერ გაცემულია 1550 კონსულტაცია, განხილულია 61 მოქალაქის განცხადება, ჩატარდა 50 ორგანიზაციის შემოწმება, გამოვლინდა 17 სამართალდარღვევის ფაქტი, აქედან ჯარიმა დაეკისრა 11 ორგანიზაციას, ხოლო 3 ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება; კანონის აღსრულების მიზნით გატარდა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მონაცემთა ბაზებთან წვდომის შეზღუდვა, მათი დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ტრენინგი ჩაუტარდა კერძო და საჯარო ორგანიზაციების 2253 წარმომადგენელს, მომზადდა თემატური რეკომენდაციები ვიდეოთვალთვალის, პირდაპირი მარკეტინგის, ბიომეტრიული მონაცემები დამუშავებისა და შრომით ურთიერთობებში მონაცემთა დაცვის შესახებ, დამტიცდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა. გაზრდილი მანდატიდან გამომდინარე აპარატის ბიუჯეტი და საშტატო რიცხოვნება გაიზარდა, ამჟამად აპარატში მუშაობს 36 თანამშრომელი.
ინსპექტორის აპარატის ჩართულობით შესრულდა ევროპის კავშითან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ევროპის კავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსპექტორის აპარატი ფუნქციონირებს ეფექტურად.
„ეს იყო უმნიშვნელოვანესი ორი წელი არა მხოლოდ პირადი ცხოვრების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და რეფორმების თვალსაზრისით, არამედ ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური განვითარებისთვისაც. ჩვენ შევძელით შეგვექმნა მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული სისტემა და გვჯერა, რომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომა, საზოგადოების გაზრდილი ინტერესი, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მხრიდან მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის აღიარება, შედეგს გამოიღებს.
გვესმის, რომ ორ წელში ვერ მოხდებოდა სისტემური პრობლემების სრულად აღმოფხვრა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას პერსონალური მონაცემების დაცვის ქმედითი მექანიზმების დანერგვისთვის“ - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.
წარმოგიდგენთ მცირე ვიდეოს ინსპექტორის აპარატის საქმიანობის 2 წლის შესახებ.