პარიზში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემაზე შეხვედრა გაიმართება

2015-03-23 13:14:54

 

2015 წლის 23 მარტს პარიზში ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემაზე ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი.

შეხვედრის მიზანია სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებმა ევროპულ მხარეს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული რეფორმების თაობაზე, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ.

ნინო სარიშვილის განმარტებით, 2014 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში 2-ჯერ განხორციელდა ცვლილებები, რომლებმაც გააფართოვა ინსპექტორის საქმიანობის არეალი და მანდატი. „ამჟამად მიმდინარეობს კანონის პრაქტიკაში დანერგვის აქტიური პროცესი, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს მონაცემთა დამუშავების პროცესების სტანდარტებთან მოყვანა, პარალელურად, ჩვენი პრიორიტეტია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ, სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს პარიზში“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა.