შეხვედრა საბავშვო ბაღებში ვიდეოთვალთვალის რეგულირებისთვის
2015-03-19 13:11:322015 წლის 18 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გურანდა რუმანაძე და ბაღების სააგენტოს უფროსის მოადგილე.
შეხვედრის თემა თბილისის საბავშვო ბაღებში ვიდეომონიტორინგის დანერგვა და მისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია საბავშვო ბაღებში ვიდეომონიტორინგის სისტემების დახვეწაზე მუშაობა, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი აღსაზრდელებისა და მათი მშობლებისათვის, ისე ბაღის აღმზრდელების უფლებების დაცვისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა შეხვედრაზე განმარტა, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებმა გაიაზრონ და იცოდენ რა მიზნით ხორციელდება ვიდეოთვალთვალი და აუცილებლად არსებობდეს მკვეთრად დადგენილი წესი, ვის ექნება ვიდეოჩანაწერებზე წვდომა, რადგან საქმე ეხება უამრავ ბავშვს და მათ მშობელს.
ინსპექტორმა შეხვედრის წარმომადგენლებს აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების კრებული გადასცა, სადაც ერთერთი რეკომენდაცია სწორედ ვიდეოთვალთვალის განხორციელებას ეხება. ინსპექტორმა ასევე მზაობა გამოთქვა, რომ საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ჩატარდეს ტრენინგები პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში.
შეხვედრის დასასრულს გაჩნდა ინიციატივა, ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესისას დამუშავებული პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ.