პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2014 წლის ანგარიში წარადგინა
2015-03-17 13:05:072015 წლის 17 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში განხილულია როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2014 წლის საქმიანობა, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.
2014 წელი გარდამტეხი იყო ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტადნარტების დასამკვიდრებლად გადადგმული ნაბიჯების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ნაცვლად 2016 წლისა 2014 წლის 1 ნოემბრიდან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ყველა დებულება სრულად მოქმედებს კერძო სექტორის მიმართ; ასევე, გაიზარდა ინსპექტორის მანდატი და ის უკვე ფარავს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციის მიზნებისათვის.
2014 წელს გაიზარდა ინსპექტორის აპარატისადმი როგორც მოქალაქეთა, ასევე, საჯარო და კერძო ორგანიზაციათა მომართვების რაოდენობა. აპარატმა განიხილა 30-მდე მოქალაქის განცხადება, რომლებიც ეხებოდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა არამართლზომიერ დამუშავებას, მონაცემთა უკანონო გასაჯაროებას, პერსონალურ მონაცემებზე მესამე პირთა ხელმისაწვდომობას და სხვა.
აპარატმა 2014 წელს 1000-ზე მეტი კონსულტაცია გასცა, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა დასაქმების პროცესში მონაცემთა დამუშავებას, ვიდეოთვალთვალის განხორციელებას, SMS SPAM-ს, მონაცემთა სხვა სახემწიფოებისათვის გადაცემას, მონაცემთა ბაზების მართვას და ა.შ.
2014 წლის განვალობაში ინსპექტორის აპარატისთვის პრიორიტეტული მიმართულება იყო როგორც საზოგადოების, ისე საჯარო და კერძო ორგანიზაციათა ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატმა 1700-ზე მეტ წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგი.
2014 წლის განვალობაში განხორციელდა 13 ორგანიზაციის ინსპექტირება - შემოწმდა 7 საჯარო და 6 კერძო ორგანიზაცია. შემოწმების შედეგად მონაცემთა არამართლზომიერი დამუშავების გამო დაჯარიმდა 3 საჯარო ორგანიზაცია: საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხს და აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდა და ტექნიკურად დანერგვის პროცესშია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერების კონტროლის სისტემა; ჩამოყალიბდა ინსპექტორის მიერ ფარული მიყურადების დროს მონაცემთა დამუშავების წინასწარი და შემდგომი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ამოქმედდება 2015 წლის 31 მარტიდან;
„ჩვენი მიზანია, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემა მიაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულნი მათი უფლებების შესახებ. 2014 წელს პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით აპარატის სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებაზე, კანონმდებლობის დახვეწაზე, მოქალაქეთა ცნობიერებისა გაზრდასა და მონაცემთა დამმუშავებლების პასუხისმგებლობის ამაღლებაზე“ - აცხადებს ინსპექტორი თამარ ქალდანი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ამ ბმულზე.