ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლების კონფერენცია გაიმართა
2015-05-22 13:04:002015 წლის 18 - 20 მაისს მანჩესტერში ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენცია გაიმართა, რომლის მასპინძელი და ორგანიზატორი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისიონერი ICO იყო.
კონფერენციის წლევანდელი თემა იყო „ნავიგაცია ციფრულ მომავალში - გავხდეთ უფრო პრაქტიკულები“ და იგი სრულად დაეთმო პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვის საკითხებს. კონფერენციაში 40 საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი და 100-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობდა.
კონფერენციაზე წარმოადგინეს ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მოქალაქეების ქცევასა და დამოკიდებულებას ეხებოდა. განიხილეს მონაცემთა დამმუშავებლებისთვის სპეციალური რეკომენდაციების და სახელმძღვანელოების მომზადების საკითხები, ასევე დიდი დრო დაეთმო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თემას.
„ეს კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა საერთო საკითხების და თემების განსახილველად, გვაძლევს საშუალებას, გავეცნოთ როგორ მუშაობენ ჩვენი კოლეგები პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე და როგორია მათი მიდგომები კონკრეტული საკითხებისადმი“ - აღნიშნა თამარ ქალდანმა.
ევროპის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა 2016 წელს უნგრეთში გაიმართება. საქართველო ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენციაში 2014 წელს გაწევრიანდა.