თამარ ქალდანმა 2014 წლის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა
2015-05-01 12:56:542015 წლის 30 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარუდგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
თამარ ქალდანმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ 2014 წელს გააქტიურდა ინსპექტირებები, გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა.
"14 ინსპექტირებით მოვიცავით 100-მდე ორგანიზაციის მიერ ამა თუ იმ მონაცემთა დამუშავების პროცესი. საჯარო სექტორიდან შემოწმება განხორციელდა ისეთ მსხვილ მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებში, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია, 112, მთავარი პროკურატურა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. კერძო ორგანიზაციებიდან შევისწავლეთ რამდენიმე საბანკო დაწესებულების, სათამაშო ბიზნესის და პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება. 2014 წელს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა კანონიერი საფუძვლის გარეშე გასაჯაროების შედეგად გამოკვეთილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ჯარიმა შეეფარდა მთავარ პროკურატურას და პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოვლინდა მესამე პირისთვის პერსონალური მონაცემების გაუფრთხილებლობით გასაჯაროების შემთხვევა და აქაც გამოყენებულ იქნა ჯარიმა", - განაცხადა თამარ ქალდანმა.
თავის მოხსენებაში თამარ ქალდანი შეეხო ვიდეოთვალთვალის, მონაცემთა სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის, პირდაპირი მარკეტინგის თემებს და ისაუბრა საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაწეულ საქმიანობაზე.
მოხსენების დასასრულს, თამარ ქალდანმა ყურადღება გაამახვილა ინსპექტორის გაზრდილი მანდატის შესახებ, რომელიც მოიცავს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დანაშაულის გამოძიების და პრევენციის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე ზედამხედველობას „ჩვენ ახლა ვახდენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულად მუშაობის შეფასებას, შესაძლო ინციდენტების გამოვლენას, დატესტვასა და მათ მართვას. რამდენიმე შენიშვნის შესახებ სამინისტროს უკვე ეცნობა და მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული სისტემის დახვეწაზე“ - აღნიშნა თამარ ქალდანმა.
მოხსენების დასასრულს ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ დააჩქაროს კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღება და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან კომისიის 2 წევრის შერჩევა.
ინსპეტორის მოხსენების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტარებს კომიტეტის დადგენილება გააცნო, რომლის მიხედვითაც კომიტეტმა დადებითად შეაფასა ინსპექტორის 2014 წლის ანგარიში. „წარმოდგენილ იქნა ფრიად მნიშვნელოვანი, სერიოზული, არგუმენტირებული, შინაარსიანი და საყურადღებო ანგარიში, რომელიც ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის სრულიად ახალი სტანდარტების დანერგვას ეხება“ - განაცხადა ეკა ბესელიამ და კომიტეტის მიერ ინსპექტორისთვის მიცემულ რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება.
სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სახელით ჩიორა თაქთაქიშვილი გამოვიდა, რომელმაც ინსპექტორს და მის აპარატს გაწეული საქმიანობისთვის და ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ უფლებამოსილებაზე და ინსპექტორს რამდენიმე საკითხით დაინტერესება თხოვა, მათ შორის საზღვრის კვეთის დროს ფოტოგადაღების წესის შეცვლის, სასჯელაღსრულების სისტემაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიდეოთვალთვალის შესახებ.
ინსპექტორმა თავის დასკვნით სიტყვაში პარლამენტარებს რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოგალერეა.