მადრიდში საქართველოსა და ესპანეთის უწყებათაშორისი ჯგუფების შეხვედრა გაიმართა
2015-04-29 12:54:002015 წლის 27 აპრილს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოსა და ესპანეთის უწყებათაშორისი ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს დელეგაციის წევრი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.
ვიზიტის მიზანი იყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ესპანეთის სამეფოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მათი მხარდაჭერის მოპოვება.
თამარ ქალდანმა ესპანურ მხარეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებისა და ევროკავშირის სტანდარტების თანახმად პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზე. მან აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით 2014 წელი იყო მნიშვნელოვანი, ხოლო ამჟამად ინსპექტორის აპარატი ელოდება ევროპელი ექსპერტების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შეფასებას.
ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები.