პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო უწყებად დასახელდა
2015-02-13 12:51:572015 წლის 12 თებერვალს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლისთვის სპეციალური სიგელი გადაეცა.
სიგელი IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ინსპექტორის აპარატის იურისტს და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ეკა გორდაძეს გადასცა.
2014 წელს ინსპექტორის აპარატმა ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას სრულყოფილად, ვადის სრული დაცვით გასცა პასუხი და შედეგად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აჩვენა.
„ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა ჩვენი აპარატის პრიორიტეტია. ვებ-გვერდზე პროაქტიულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას ჩვენი საქმიანობის შესახებ, მაგრამ როცა არსებობს ინტერესი, ყოველთვის დროულად და ამომწურავად ვაწვდით ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს. ისევე როგორც ყველა საჯარო უწყება, ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე“ - აღნიშნა ეკა გორდაძემ.
IDFI საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა- www.opendata.ge" ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს. პროექტი ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.
ანგარიში სრულად იხილეთ ამ ბმულზე.