ინსპექტორის აპარატის ოფისში არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
2015-04-21 12:50:482015 წლის 21 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ თავმჯდომარეს ტატო ქელბაქიანს და ორგანიზაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
ორგანიზაცია „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების დაძლევას ემსახურება.
შეხვედრაზე ნიკა ბრეგვაძემ და ნინო სარიშვილმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში და როგორ მუშაობს ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებისთვის და არასრულწლოვნებისთვის ზუსტი, სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
ტატო ქელბაქიანმა აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტის მთავარი მიზანი გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზები დაძლევის ადვოკატირებაა, რაც მათ ინსპექტორის აპარატის აქტიური მხარდაჭერით წარმოუდგენიათ.
"პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალობის დაცვა ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა, ინსპექტორის აპარატი მზადაა დახმარება გაუწიოს როგორც ორგანიზაციას, ისე პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე არასრულწლოვნებს, რათა თავიდან ავირიდოთ რისკები. ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის თემით დაინტერესებას, ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა.