შეხვედრა ყირგიზეთის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან
2014-12-26 12:39:2518-20 დეკემბერს, თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ ყირგიზეთის სამთავრობო სარეგისტრაციო სამსახურისა და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონულის სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით ქართულ გამოცდილებას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების და რეფორმების ცენტრში გაიმართა შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებთან. ნატა მიქელაძემ და გიორგი ჯოხაძემ ისაუბრეს ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზე, მიზნებსა და უფლებამოსილებაზე.
ნატა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ინსპექტორის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, მათთვის კონსულტაციების გაწევისა და ტრენინგების ჩატარების გზით.
"მეტად მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა დამუშავების პროცესი იყოს სწორი და დაინერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. ამასთან, მოქალაქეებთან მუშაობა არის აპარატის მთავარი მიმართულება, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ მათი უფლებების შესახებ და მოითხოვონ, რომ მათი მონაცემების შეგროვება და შენახვა ხდებოდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში" - აღნიშნა ნატა მიქელაძემ.
ყირგიზეთის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეკითხვები, თუ როგორ ხდება სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემების მიმოცვლა და ინახება თუ არა მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
გიორგი ჯოხაძემ ყურადღება გაამახვილა მონაცემების ელექტრონული სერვისების განვითარების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მოქალაქის პორტალ MY.GOV.GE -თან, რათა მოქალაქეებს ამ რესურსის მეშვეობით შეეძლოთ ნახონ რომელ უწყებებში, რა მიზნით და საფუძვლით ხდება მათი მონაცემების დამუშავება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.