პირადი ცხოვრების უფლება ციფრულ ეპოქაში - ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის ბიურო (T-PD-BUR) მსჯელობს, როგორ უპასუხოს მსოფლიოს გამოწვევას
2014-12-16 12:38:22დღეს, 16 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის ბიუროს 34-ე სხდომა გაიხსნა, რომელსაც წევრის სტატუსით ესწრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი.
ბიუროს დღის წესრიგი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისგან შედგება, მათ შორისაა 108 კონვენციის მოდერნიზაციის ცვლილებები, რომლებიც ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ad hoc კომიტეტის (CAHDATA) ბოლო შეხვედრაზე განიხილეს. სხდომის ერთერთი სესიის თემაა მონაცემთა დიდი ბაზები ე.წ. BIG DATA და კიბერუსაფრთხოება, როგორც საფრთხე ინტერნეტით მონაცემთა ტრანსასაზღვრო გადაცემის დროს.
ბიუროს სხდომაზე შეეცდებიან განიხილონ ბალანსის თემა პირადი ცხოვრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ციფრულ ეპოქაში - როგორ ვუპასუხოთ მსოფლიოს გამოწვევას.
„ინტერნეტი და ციფრული გარემო არ არის ვირტუალური სამყარო, როცა საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. არ შეიძლება ადამიანების უფლებების უგულებელყოფა, ის წესები და რეგულაციები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, აუცილებლად უნდა გავრცელდეს ონლაინ სივრცეზეც" - ამბობს ნილს მიუჟინსკი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიონერი. ბიუროს სხდომაზე განიხილება მისი სპეციალური ანგარიში ინტერნეტ და ციფრულ სამყაროზე კანონის უზენაესობის პრინციპის გავრცელების შესახებ.
ბიუროს 34-ე სხდომა საინტერესოა იმითაც, რომ დიდ დრო დაეთმობა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, აქცენტით მედია და ინფორმაციული საზოგადოება.
ბიუროს სესია 18 დეკემბერს დაიხურება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტი არის ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელშიც ევროპის საბჭოს 46 ქვეყანაა წარმოდგენილი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი ნინო სარიშვილი კომიტეტის ბიუროს წევრად 4 ივნისს, ერთხმად აირჩიეს.